საქართველოში ზრდასრულთა განათლების რეალობა და პრობლემები: გამოწვევები 21-ე საუკუნეში

„რატომ არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ ბავშვების (შვილების) განათლება და არა განათლება თითოეული მოზარდისთვის ნებისმიერ ასაკში?“   ერიხ ფრომი, „განათლების რეფორმა“

 

დღესდღეობით დედამიწაზე 7,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს,[1] შესაბამისად, როგორც capture-20171111-021735მსოფლიოში, ამასთან, საქართველოში, ყოველდღიურად იზრდება მოსახლეობის ცხოვრებისეული საჭიროებები, მათ შორის განათლების, დასაქმების მოთხოვნილება, რომლებიც რიგ შემთხვევაში, ერთმანეთზე გადაჯაჭვული პროცესია და ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს. თუმცა, რაც უფრო იზრდება დედამიწელთა რაოდენობა, მით უფრო რთულდება  განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა. შრომით ბაზარზე მეტი კონკურენციაა და მხოლოდ უმაღლესი განათლება არ არის საკმარისი ფინანსურად უზრუნველყოფილი ან არსებობისთვის საჭირო ცხოვრებისთვის. პირიქით, ხშირად ორი ან სამი დიპლომიც კი, შეიძლება სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდეს. მაგალითად, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ემილ ზოლას ნაწარმოების, „ქალთა ბედნიერება,“ პერსონაჟი, ოქტავ მურე ამბობს: „რაკი ხარისხი მივიღე, შემეძლო სხვებივით მეც გავმხდარიყავი ადვოკატი ან ექიმი, მაგრამ შემეშინდა, ამ პროფესიის ხალხივით შიმშილით არ მოვმკვდარიყავი. და, აი, არც დამნანებია, ისე მივაფურთხე დიპლომს და კომერციაში გადავვარდიო.“ არა მხოლოდ მე-19 საუკუნეში, არამედ დღესაც, მსოფლიოში და, აგრეთვე, საქართველოში, საჭირო ხდება ზრდასრულთა განათლების პროგრამების ფუნქციონირება, რომლის მიზანია, ზრდასრულების კომპეტენციების განვითარება და პრაქტიკული უნარების გამომუშავება, რომელიც დაეხმარება მათ წარმატებული ცხოვრებისთვის, [2] რადგან შესაძლებელია პრესტიჟული დიპლომი და უმაღლესი განათლება იმდენად გამოსადეგი არ იყოს, რამდენადაც, მაგალითად,  „ბებიების ხელობა“ – ქსოვა უდიპლომოდ.

თანამედროვე მსოფლიოში, პიროვნების თვითრეალიზაციის ერთ-ერთ წარმატებულ პრაქტიკად, სწორედ რომ ზრდასრულთა განათლება მიიჩნევა. ჰამბურგის 1997 წლის დეკლარაციის მიხედვით, ზრდასრულთა განათლება (Adult Education) განისაზღვრება, როგორც „სასწავლო პროცესში (არაფორმალური, ფორმალური, ინფორმალური) ჩართული ზრდასრული ადამიანები (15+ ასაკი),  რომლებსაც საშუალება ეძლევათ, განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები, გაიმდიდრონ ცოდნა და გაიუმჯობესონ ტექნიკური ან პრაქტიკულ-პროფესიული უნარ-ჩვევები“. ზრდასრულთა განათლება და სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში (LifeLong Learning) ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სამეცნიერო ცხოვრებაში. გაეროს მდგრადი განვითარების (SDG) მიზნების  გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი სწორედ ზრდასრულთა განათლებას ენიჭება. ზრდასრულთა განათლება ეხმარება  ადამიანებს საკუთარი თვითმყოფადობის ჩამოყალიბებასა და ცხოვრების საზრისის აღმოჩენაში, კომპეტენციების განვითარებაში და დასაქმებაში, მაშინაც კი, როდესაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ, მათი დიპლომი და უნარები “ვადაგასულია” ან დამსაქმებელს აღარ აკმაყოფილებს. [3]

პოსტინდუსტრიული თეორიის ავტორი დანიელ ბელი (1919-2011) თვლის, რომ  „ყველაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება ჩამოუყალიბდეს ადამიანს, არის სწავლის გაგრძელების სურვილი.“ მსოფლიო ტექნოლოგიზაციის პროცესში, დღითი დღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება ადამიანის უნარი, ესწრაფოდეს ცოდნის დაგროვებას და ინფორმაციის გაღრმავებას. ბელი ცოდნას ძალაუფლებად აღიქვამს და თვლის, რომ ადამიანი, რომელიც ფლობს ცოდნას, ის ფლობს სიტუაციას და სწრაფად ადაპტირდება თანამედროვე სამყაროს მოთხოვნილებებთან.  „XXI საუკუნე არის ახალი ტიპის – მომავლის საზოგადოების, „ცოდნის საზოგადოების“ დამკვიდრების ეპოქა. მერიტოკრატიის დროს ბატონობს უნარი და ცოდნა, მასში პიროვნების საზომად მიიჩნევა არა სოციალური სტატუსი ან სიმდიდრე, არამედ ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, კომპეტენციების წარმოჩენა – მაქსიმალური თვითრეალიზაცია.“ ასევე ხდება ზრდასრულთა განათლების პოლიტიკის პროცესში. შესაბამისად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ზრდასრულთა განათლება ცოდნის დაგროვების და პრაქტიკული უნარების გამომუშავების აღიარებული მოდელია და საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს ზრდასრულთა კომპეტენციების განვითარებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, მათ თავდაჯერებულობას, დასაქმებას და თვითრეალიზაციას.

მაგალითად, ინგლისში 1940 წლიდან ფუნქციონირებს კოლეჯი City College Peterborough, რომელიც ხელს უწყობს ზრდასრულთა განათლებას და ადამიანებს 15+ ასაკიდან ღრმად მოხუცებულობამდე სთავაზობს სხვადასხვა პრაქტიკულ საგანმანათლებლო პროგრამებს (რეზიუმეს შედგენა, შემოქმედებითი წერის კურსი, კერვის/ქსოვის კურსი, საოფისე პროგრამები, უცხო ენები, ხატვა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა და ა.შ.) რაც ეხმარება მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. city-70-year-olds-pary-mood

უკანასკნელ  წლებში,  საქართველოშიც ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ცოდნის დაგროვებაზე და სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებაზე ფორმალური თუ არაფორმალური გზით. აქტიურად ვითარდება ბიზნესი, მეცნიერება და ტექნოლოგიები, რაც აისახება ქვეყნების სწრაფი განვითარების ტენდენციაზე და დამსაქმებლებებიც მოითხოვენ ადამიანური რესურსის უნარები და შესაძლებლობები შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს. მსგავსმა პრაქტიკამ აუცილებელი გახადა ზრდასრულთა განათლების და მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების კონცეფციის ხელშეწყობა და წახალისება, რომელიც არაერთი სახელმწიფოს  ინტერესშია და ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა, დემოკრატიული ღირებულებების გასავითარებლად, სოციალური ინკლუზიისა და აქტიური მოქალაქეობრივი ცხოვრების ჩამოყალიბებისათვის. ქართულ ბაზარზეც აქტუალური  ხდება მოთხოვნა ზრდასრულთა განათლებაზე და, მართალია, სხვადასხვა  ორგანიზაცია სთავაზობს ზრდასრულებს დამატებითი კომპეტენციების გასავითარებელ თუ გადამზადების კურსებს არაფორმალური გზით, თუმცა, ერთი მხრივ, საქართველოში არაფორმალური განათლება კანონმდებლობის დონეზე არ არის აღიარებული და ფერხდება ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაციის პროცესი და, მეორე მხრივ, არაფორმალური განათლების მიღებაც ფუფუნების საგანს წარმოადგენს და მსურველებს არ აქვთ საკმარისი ფინანსები თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული საგანმანათლებლო კურსების გასავლელად.

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში  ზრდასრულთა განათლების პირველი ცენტრები DVV International-ის მიერ 2006 წელს დაარსდა და დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე  წარმატებული პროექტია, რომელიც ორიენტირებულია ზრდასრულთა განათლებაზე არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  ზრდასრულთა განათლების მიღების პროცესში ჩართული არიან უმუშევრები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, სხვადასხვა პროფილისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ მათი კომპეტენციების განვითარებას, არამედ ერთმანეთთან დაახლოებას და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებას. ცენტრების უპირატესობა ის არის, რომ მოიცავს არა მხოლოდ პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსებს, არამედ სხვადასხვა საჯარო დისკუსიებს, ფესტივალებს, ექიმის, იურისტის, ფსიქოლოგის კონსულტაციებს და ა.შ. ამასთან,  ხელმისაწვდომი გადასახადი ამარტივებს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ჩართულობას. ზრდასრულთა განათლების პროგრამა ადაპტირებულია საბაზრო მოთხოვნებთან და ზრდის დასაქმების შანსებს, აგრეთვე უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, არასამთავრობო სექტორის ჩართულობას უწყვეტი განათლების პოლიტიკის პროცესში და სთავაზობს დამსაქმებელს კადრის გადამზადებას (მაგალითად, მასწავლებლებისთვის დღესდღეობით მნიშვნელოვანი ხდება ინგლისურისა და კომპიუტერის შესწავლა და მათი გადამზადება).[4]

fdffffffffffffff.png

DVV International Georgia-ს პუბლიკაციაში, რომელიც ზრდასრულთა განათლების ცენტრების ფუნქციონირებას აფასებს, ნათქვამია, რომ ზრდასრულთა განათლების პროგრამებში ჩართულ ბენეფიციართა 8% საგანმანათლებლო კურსების გავლის შემდეგ საქმდება.[5]  არსებული ფაქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის გამო და აღსანიშნავია, რომ ზრდასრულთა განათლების პოლიტიკა ყველა ასაკისთვის აუცილებელია და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.

რატომ არის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ ბავშვების (შვილების) განათლება და არა განათლება თითოეული მოზარდისთვის ნებისმიერ ასაკში?   ერიხ ფრომი (1900-1980 წლები) წიგნში, „განათლების რეფორმა,“ სვამს აღნიშნულ შეკითხვას და ვფიქრობ, საკმაოდ აქტუალურია ქართული რეალობისთვის და რამდენიმე მიზეზი არსებობს: 1. დღესდღეობით, ქვეყანაში დამკვიდრებულია შეხედულება, რომ აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს დიპლომი და უმაღლესი განათლება, რათა იყოს სასურველი კადრი დამსაქმებლისთვის ან უბრალოდ სასურველი სასიძო/საცოლე ქორწინების ბაზარზე. შესაბამისად, მამათა თაობის თუ საზოგადოების შთაგონებით, შვილებიც იბრძვიან დიპლომისთვის  და ხშირ შემთხვევაში ისე ხდება, რომ ეს დიპლომი სრულიად გამოუსადეგარია  შრომითი ბაზრისთვის და ამავდროულად ქორწინებისთვის (საქართველოში, ჯერ კიდევ პატრიარქალურ კულტურაში, სადაც ქალის ფუნქცია ოჯახის და ბავშვების მოვლასთან ასოცირდება, გამორიცხავს პიროვნულ განვითარებას და პროფესიულ ზრდას, რაც შესაბამისად დიპლომის და განათლების უსარგებლობას უსვამს ხაზს); 2. საყურადღებო მიზეზია, ისიც, რომ  საქართველოში  ადამიანების უმეტესობა ფორმალური განათლების უპირატესობას გამოყოფს და არაფორმალურ განათლებას  „დაბალი კატეგორიის“  განათლებად თვლის, არაპრესტიჟული დიპლომი არავის სურს, ამას ემატება ისიც, რომ არც სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული, მაშინ, როდესაც სწორედ არაფორმალურ განათლებაზე – ცხოვრებისთვის საჭირო, პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზეა დაფუძნებული განვითარებული ქვეყნების განათლების პოლიტიკა და ხელს უწყობს მათ ეკონომიკურ წინსწვლას ( მაგალითად, გერმანია- დუალური სისტემა, პროფესიული განათლების მოდელი, რომელიც გულისხმობს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ტრენინგთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას, რომელიც გრძელდება რამდენიმე წლის განმავლობაში და დასაქმებულს უვითარებს პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას სამუშოსთან დაკავშირებით (საწარმოო პრაქტიკა- რესტორანში, სილამაზის სალონში და ა.შ.)[6]   3. სტუდენტობის დროს, ჩემთან ერთად სწავლობდა 35 წლის მამაკაცი და მისი ლექციებზე დასწრება უხეხრულობასთან ასოცირდებოდა, არაერთხელ გამიგია: „რა დააქვს უნივერსიტეტში, მიხედოს ოჯახს.“ თუმცა, საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები, რომ „უკვე ასაკშია და რაღა უნდა ისწავლოს,“  სრულიად უსაფუძვლოა და  სწავლა მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება; 4.  პრობლემას ვაწყდებით,

capture-20171112-231437jhgjhgj

ზრდასრულთა განათლების განმარტებისასაც; ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციებით, საზოგადოების ნაწილი ზრდასრულთა განათლებას უმაღლეს განათლებად (აღიარებული დიპლომი) თვლის, გარდა ამისა ადამიანების უმეტესობა ზრდასრულად აღიქვამს 30 წლამდე ადამიანს, (რამდენიმე ადამიანს, ვთხოვე ზრდასრული მიეკუთნებინათ ასაკობრივი კატეგორიისთვის და უმეტესობამ 15-25 წელს მიაკუთნა), მაშინ როდესაც ზრდასრულად ითვლება 15 წლის ზემოთ ყველა ასაკობრივი კატეგორია.

მათი მოსაზრებით, სრულიად გაუგებარია რა საჭიროა ზრდასრულთა განათლების პროგრამები, რომლებიც არც „პრესტიჟულია“ და  არც აღიარებული.  5. მნიშვნელოვანი პრობლემაა დამსაქმებლის დამოკიდებულება დასაქმებულის მიმართ. დამსაქმებელი იმის მაგივრად, რომ ზრუნავდეს თავისი კადრის გადამზადებასა და მისი პროფილის გაუმჯობესებაზე, უწესებს მას ასაკობრივ შეზღუდვებს და X (მაგალითად, 50 წელი)  წელს გადაცილებულ ადამიანს – ე.წ. „ჩამოწერილ ფეხბურთელს“ სამსახურიდან ათავისუფლებს, ან ასაკის გამო სამსახურში არც კი იღებს, რადგან მან შესაძლოა არ იცის კომპიუტერი, ინგლისური და არ აქვს „თანამედროვე“ მოთხოვნილებებზე მორგებული უნარები. შესაბამისად, ასეთი ადამიანი იძულებულია წავიდეს საზღვარგარეთ, რითიც ზიანი ადგება ქვეყნის ეკონომიკას, აგრეთვე შრომისუნარიანი მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება მწვავე დემოგრაფიულ პროცესებს იწვევს.

შესაბამისად, ზრდასრულთა განათლება თუ მსოფლიოში წარმატებულ მოდელად ითვლება და სახელმწიფო, არასამთავრობო სექტორი, პროფესიული საგანმანათლებლო ცენტრები და ა.შ. მაქსიმალურად არიან ჩართული ნებისმიერი ასაკის ადამიანის პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარების პროცესში, საქართველოში ზრდასრულთა განათლების პოლიტიკას „ფესვები ჯერ კიდევ არ აქვს გადგმული.“ ამ პროცესს აფერხებს თავად სახელმწიფო (არ არსებობს კანონი არაფორმალური განათლების შესახებ),  საზოგადოება (სტერეოტიპული დამოკიდებულებები ზრდასრულთა განათლების პროგრამების და „არაპრესტიჟული“ პროფესიების მიმართ), დამსაქმებელი, ცოდნისა და ინფორმაციის ნაკლებობა ზრდასრულთა განათლების შესახებ, ბიზნეს სექტორის პასიურობა ზრდასრულთა განათლების პროგრამების დაფინანსების კუთხით.

აქედან გამომდინარე,  საზოგადოებრივი პასუხისმგებლობაა განათლება თითოეული მოზარდისთვის ნებისმიერ ასაკში, რომელიც პირველ ყოვლისა, სახელმწიფოს, დამსაქმებლის ინტერესი უნდა იყოს. ზრდასრულთა განათლების პროგრამების გაძლიერება და პოპულარიზაცია, თანაბარი ხელმისაწვდომობა, ფორმალური და არაფორმალური განათლების „გათანაბრება,“ სახელმწიფოს მეტი ჩართულობა არაფორმალურ განათლებაში მნიშვნელოვანია  არა მხოლოდ ქვეყნისთვის არამედ თავად დამსაქმებლისთვის. ზრდასრულების საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში ჩართვა პირველ ყოვლისა, ქვეყნის ეკონომიკის და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების წინაპირობაა და არაერთი მაგალითი არსებობს დღევანდელ 7,5 მილიარდიან მსოფლიოში.

ავტორი: ნინო გელანტია

 

გამოყენებული წყაროები: 

[1] http://www.worldometers.info/world-population/  ბოლო წვდომა 08.11.2017

[2]ერთ-ერთი განმარტებით ზრდასრულთა განათლება გულისხმობს არა ადამიანის მომზადებას ცხოვრებისთვის, არამედ ეხმარება მას იცხოვროს უფრო წარმატებულად. ზრდასრულებს ხელს უწყობს აიმაღლონ კომპეტენცია, გადაჭრან პირადი და საზოგადოების პრობლემები და შეთანხმებულად შეიცვალონ სოციალური როლები (მუშაკი, მშობელი, პენსიონერი და ა.შ.) (Darkenwald and Merriam 1982: 9)

[3] http://www.global-lernen.de/english/topics_of_the_institute_s_work/global_learning/unesco_documents/the_hamburg_declaration_on_adult_learning_1997 ბოლო წვდომა: 08.11.2017

[4] DVV International, საქართველოს ოფისი. ზრდასრულთა განათლების ცენტრები საქართველოში. თბილისი, 2014.  გვ.57

[5] DVV International, საქართველოს ოფისი. ზრდასრულთა განათლების ცენტრები საქართველოში. თბილისი, 2014.  გვ.57

[6]http://liberali.ge/articles/view/20952/umaghlesi-ganatlebis-reforma-da-germanuli-modeli—shefasebebi- ბოლო წვდომა 08.11.2017

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s